საქართველოს საგარეო უწყება მექსიკაში მძევლად აყვანილი ქართველების ადგილსამყოფელს არკვევს

გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 ათას დოლარს ითხოვენ.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა და გატაცებული მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 30-მდე ქართველი მესამე დღეა მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ის საზღვართან მისვლას ცდილობდნენ, აშშ-მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ აიყვანა ტყვედ. მძევლებს შორის ქალებიც არიან. ამ დროისთვის უცნობია, გატაცებულებს შორის არიან თუ არა არასრულწლოვნები.
მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა >>
„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 ათასი დოლარს ითხოვენ.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“