თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბაქოს დეკლარაციას, რომელიც სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას გულისხმობს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრა გაიმართა. ბაქოს დეკლარაციას ხელი მოაწერეს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ილია დარჩიაშვილმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ჰაკან ფიდანმა.
დოკუმენტში ხაზგასმულია კონკრეტული საკითხები, მათ შორის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებლობა.
ბაქოს დეკლარაციაში საუბარია გლობალურ კონტექსტში რეგიონის გაზრდილ სატრანსპორტო როლზე და შუა დერეფნის და მისი რეალიზაციის მნიშვნელობაზე. ამავე დოკუმენტით მხარეები იწონებენ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აერთიანებს.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე.
მინისტერიალზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამ ქვეყანას შორის არსებული სანიმუშო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი, სტაბილური განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებზე.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში არსებული წარმატებული სექტორული თანამშრომლობა და რეგულარული შეხვედრები საპარლამენტო, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა დარგობრივი მიმართულებით.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ კოორდინირებული ქმედებები ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.