თბილისი, 12 მარტი — Sputnik. უმსხვილესი საპორტო ოპერატორი „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (APM Terminals Poti) მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობასთან შესაბამის შეთანხმებას გააფორმებს, ფოთის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
საუბარია ახლანდელი პორტის ჩრდილოეთ ნაწილის გაფართოებაზე. პროექტის რეალიზაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
„ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნებული ვართ, რომ მთავრობის მხარდაჭერა უმოკლეს ვადაში უკვე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოიხატება. ეს საშუალებას მოგვცემს გადავიდეთ პროექტის განხორციელების ეტაპზე, რადგან „ეიპიემ ტერმინალსი“ სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს გაფართოების პროექტის აღსრულება“, - განაცხადა APM Terminals Poti-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ხულიან ფერნანდესმა.
კომპანიამ არსებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შესახებ სურვილი და მზაობა რამდენიმე წლის წინ გამოთქვა. ფოთში ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკისა და „შუა დერეფნის" განვითარებაში.
APM Terminals-ის ინფორმაციით, ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას. პირველად საქართველოს ნავსადგური აღჭურვილი იქნება ელექტროენერგიაზე მომუშავე Ship-To-Shore საკონტეინერო პროფილის ამწეებით, რომელთა საშუალებითაც კომპანია შეძლებს ფოთში შემოსულ გემებს მსოფლიო დონის მომსახურება და პროდუქტიულობა შესთავაზოს.
ამასთან, პროექტის განხორციელება ფოთის საზღვაო ნავსადგურის [საკონტეინერო] ტვირთების წლიურ გამტარუნარიანობას მინიმუმ 400 ათასი TEU-თი გაზრდის, საერთო წლიური გამტარუნარიანობა კი მილიონ TEU-ს გადააჭარბებს.
გაფართოების პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 6,8 ჰექტარი საკონტეინერო ტერიტორიის განვითარებას, ახალ 330 მეტრიან ნავმისადგომს, 1,5 კილომეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას, შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას და ორი Ship-to-Shore საკონტეინერო პროფილის ამწის დამონტაჟებას.
გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მიიღოს და დაამუშაოს 13,5 მეტრამდე წყალშიგის მქონე გემები - ყველაზე დიდი გემები, რომლებსაც შეუძლიათ შავ ზღვაში შესვლა.
მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია დაახლოებით 36 თვეში, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ხელშეწყობაზე, რათა დროულად მივიღოთ ყველა აუცილებელი ნებართვა.
ფოთის პორტი დღეს
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს. მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.
ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.