თბილისი, 11 მარტი - Sputnik. მომავალი კვირა არის სასესიო, ფრაქცია წარმოადგენს კანდიდატურას და ავირჩევთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
11 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სარჯველაძეს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ იგი კომიტეტის გამორჩეული თავმჯდომარე იყო.
„მისი კომიტეტი განსაკუთრებით გამოირჩევა იმით, რომ არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, სოციალურ საკითხებზე, შრომის საკითხებზე და ჯანდაცვის უფლებაც იყო ამ კომიტეტის განსახილველ საკითხთა შორის. წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული იქნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი 1 მარტს დატოვა.
კანონმდებლობის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი.
კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, საპარლამენტო ფრაქციას.
გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.