თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმად 2025 წლიდან საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი კვლავაც ერთნაირ ხელფასებს მიიღებენ, ხოლო მინისტრების ხელფასი პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასს გაუტოლდება.
მიღებული ცვლილებების თანახმად, მთავრობის წევრების და დეპუტატების ხელფასები ახალი ფორმულით გამოითვლება: უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები გამრავლდება საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივ სარგოზე იმ კოეფიციენტის შესაბამისად, რა კოეფიციენტიც ამ თანამდებობის პირისთვის არის განსაზღვრული.
2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივი სარგო 1330 ლარს შეადგენს.
ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, რომელზეც ეს სარგო გამრავლდება, აქვს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს- 10. მინისტრებისთვის, სახელმწიფო მინისტრებისთვის, ასევე ავტონომიების და ავტონომიების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებისთვის ის გაუტოლდება 8,5-ს, ამავე კოეფიციენტზე გამრავლდება სარგო პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასის გაანგარიშებისას.
კოეფიციენტები უცვლელი დარჩება მინისტრის პირველი მოადგილის (7,5), ასევე დანარჩენი მოადგილეების შემთხვევაში - 7,25.
ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.