წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტი რევოლუციურ მოძრაობაშია ჩართული

ვიცე-პრემიერის თქმით, მმართველი პარტია უფრო ფრთხილად უნდა იყოს
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთვება რევოლუციურ საქმიანობაში, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
5 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. კერძოდ, მისთვის მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
„მისგან აღარაფერია გასაკვირი. ის პირდაპირ არის და ალბათ, უფრო მეტად აღმოჩნდება რევოლუციურ მცდელობაში ჩართული. არჩევნების მოახლოებასთან ერთად გვესმის, განურჩევლად იმისა, თუ როგორი იქნება არჩევნების რეალური შედეგი, აუცილებელია, მათ მოაწყონ დესტაბილიზაცია. სხვა მომავალს საკუთარი თავისთვის ვერ ხედავენ“, - განაცხადა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მმართველი პარტია უნდა გაფრთხილდეს, რათა დაიცვას მოქალაქეების სუვერენული უფლება თავად აირჩიონ, ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს.
წულუკიანის თქმით, ოპოზიცია და მმართველი გუნდი არჩევნებზე სხვადასხვა მიზნებს ისახავენ.
„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ (გვაქვს ამისთვის ყველა არგუმენტი და ლეგიტიმური საფუძველი) კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად ვიმუშაოთ. ისინი იბრძვიან დესტაბილიზაციისა და არეულობისთვის. შემდეგ ხალხი შეაფასებს, სამშობლოსთვის რა სჯობს“, - განაცხადა წულუკიანმა.
ოპოზიციონერი: ქართველ ხალხს პრეზიდენტის სხვადასხვა ვეტოებით ართობენ>>
როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ვეტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ჩართულობა რადიკალურ დაჯგუფებებში.
„მათი მიზანია ყველანაირად მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია და შეტევა აქვთ განხორციელებული როგორც ცესკოს დაკომპლექტების წესთან, ასევე უშუალოდ ცესკოს მოქმედ ხელმძღვანელობასთან მიმართებით, სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
ვეტოს დასაძლევად პარლამენტში საჭიროა იმდენივე ხმა, როგორც კანონის მისაღებად.
რა იცვლება საარჩევნო კოდექსში
ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება - ხელისუფლების და ოპოზიციის არგუმენტები>>>
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ამასთან, ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
ცვლილებები საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შევიდა.