თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა და ევროპოლმა ხელი მოაწერეს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, კატრინ დე ბოლმა.
„ხელმოწერილი შეთანხმება ეფუძნება 2017 წელს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებულ ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას და მიზნად ისახავს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. შეთანხმება მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიერონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობა“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პრესსამსახური აღნიშნავს, რომ სუსმა ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, სამსახურის ინიციატივით, საქართველო გახდა ევროპოლის კონტრტერორისტული ანალიზის ოთხი პროექტისა და კონტრტერორისტული მეკავშირე ჯგუფის წევრი.
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად, ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ.