თბილისი, 7 მარტი — Sputnik. აჭარაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი პირი, ერთ-ერთის საცხოვრებელ სახლში შესაბამისი ნებართვის გარეშე იატაკქვეშა კაზინოს საქმიანობისთვის, ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.
დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100.000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული.
გამოძიება მიმდინარეობს შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე (სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილი).
დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 3-იდან 5-წლამდე ითვალისწინებს.