ვისი კადრები არიან ხელისუფლებაში? კალაძის განმარტება

სახელისუფლებო პარტიაში დაპირისპირების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი - Sputnik. სისულელეა, არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.
სახელისუფლებო პარტიაში დაპირისპირების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საზოგადოებისთვის არაერთი არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. თანამდებობა დატოვა მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელმა რევაზ ჯაველიძემაც.
კალაძის თქმით, სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია და გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს.

„ეს არის სრული სისულელე. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“...ირაკლი კობახიძე იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაინიშნოს და რა ცვლილებები განახორციელოს მთავრობის შემადგენლობაში. მან იცის ყველაზე უკეთესად, თუ რა უნდა გაკეთდეს მინისტრთა კაბინეტში“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც ექს-პრემიერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მასსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის არანაირი უთანხმოება და დაპირისპირება არ არის, თუმცა, ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს.
უთანხმოება მმართველ პარტიაში: როგორ მიიღო ღარიბაშვილმა ახალი პრემიერის გადაწყვეტილება?>>>
ოპოზიციაში კი ზურაბ აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება კობახიძისა და ღარიბაშვილის კლანებს შორის კონფლიქტად შეაფასეს.
როგორც ადრე ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, „წარმოიშვა კლანური კონფლიქტი და ღარიბაშვილის მინისტრები მთავრობას ტოვებენ"
ზურაბ აზარაშვილის გადადგომა საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო. იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
ვინ შეცვლის აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ჯერჯერობით, უცნობია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე შიდაპარტიული კონსულტაციების გამართვა დააანონსა.