„მინდა ვიცოცხლო“: პარლამენტთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

Sputnik
თბილისი, 3 მარტი- Sputnik. ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად საქართველოს პარლამენტთან აქცია გზავნილით - „მინდა ვიცოცხლო“ გაიმართა.
ონკოპაციენტები უკვე ერთი თვეა აქციების გზით ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების ლიმიტის მოხსნასა და დროული, უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფას.
აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით, რაც მათი თქმით, მოიცავს წლიურ 25 ათასლარიან ლიმიტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ონკოპაციენტებისთვის საკმარისი არ არის.
ონკოპაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა წამლების დეფიციტი და ქვეყანაში ე.წ. მესამე თაობის მედიკამენტების არარსებობასაც გააპროტესტეს.
აქცია ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ ორგანიზებით გაიმართა.
„ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრაზე გამოგვიცხადეს, რომ 25 ათასი ლარი არის პირობითი ლიმიტი და მისი ამოწურვის შემდეგ უნდა მიმართონ რეფერალურს. რეფერალურიდან წელს უკვე ყველას უარი მოუვიდა. რა უნდა ქნას ამ ხალხმა?! საიდან უნდა მოიტანონ ათიათასობით ლარი, რომელიც მათ სიცოცხლის გადარჩენისთვის სჭირდებათ?!”, - განაცხადა ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ.
აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და სახელმწიფო დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება.
ამ მიზნის მისაღწევად ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთი რეფორმა განახორციელა. 2022 წლის ნოემბრიდან უწყებამ ყველა პაციენტისთვის მკურნალობის (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი 25 ათას ლარამდე გაზარდა. თუმცა, თებერვალში თბილისში სიმსივნით დაავადებულთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დაფინანსება არ ჰყოფნით.
რა სახის დახმარებას იღებენ ონკოპაციენტები საქართველოში: დეტალები>>>
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ მუდმივად მზარდია სახელმწიფო დაფინანსებაც - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
გასული წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.
ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
2024 წლის მარტიდან ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.