თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს.
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა თებერვლის დასაწყისში დამტკიცდა. პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო - ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.