თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტისა და კომუნიკაციის კუთხით, ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დაგეგმილი დემონტაჟის ირგვლივ შექმნილი ვითარება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრის გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის გადადგომა საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო. ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
„დღეს დილით შეხვედრა მქონდა მასთან. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ შედგა „აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი“ აზარაშვილთან, რის შემდეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ.
„მე არ მინდა, შევიდე ნიუანსებში, რა დონეზე და ვისგან იყო ეს პრობლემა, მაგრამ, ფაქტია, დავინახეთ, იმავე რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში. იყო სხვა შემთხვევები, სადაც ასეთი კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მოითხოვე შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და სწორედ მასთან შეხვედრის შემდეგ პრობლემა გადაიჭრა.
კერძოდ, გადაწყდა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის შეჩერება მანამ, სანამ მის უკანა ეზოში კლინიკის ახალი შენობა არ აშენდება. შესაბამისად, პერსონალი მუშაობას გააგრძელებს.
„ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს, ასეთ საკითხებს არ სჭირდება უფრო მაღალ დონეზე ატანა, უფრო დაბალ დონეზე შესაძლებელია ამ საკითხების მოგვარება... მქონდა შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, პერსონალთან, მოვიდა რვა ადამიანი, ინტელიგენტი ექიმი ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები. ასეთ არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და გათვალისწინება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დარგის წარმომადგენლების არგუმენტების მოსმენა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, განსაკუთრებით კონკრეტული დარგების წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან.
მოხდება თუ არა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში?
იმის გამო რომ აზარაშვილის გადადგომა ახალი მიღებულია, ვინ შეცვლის მას ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენ გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, შესაძლოა, დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. რაც შეეხება ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მინისტრების მუშაობით კმაყოფილია.
„დღეს მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით ვარ კმაყოფილი, როგორც მათ მიერ გასული წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობით, ისე ახლა როგორც წარიმართება მუშაობა სამინისტროებში. აქედან გამომდინარე, მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მინისტრის საქმიანობით დღეს მე ვარ კმაყოფილი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობას დატოვებენ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სხვა კადრებიც. ღარიბაშვილი ახლა კობახიძის ნაცვლად „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობს.
„ასე დატოვებენ (თანამდებობას - რედ) ღარიბაშვილის დანარჩენი კადრები, როგორც ჩვენ ვამბობდით, ეს არის დროში გაწელილი პროცესი“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, საერთოდ გაუგებარია, რატომ იცვლებიან მინისტრები. „ეს ყველაფერი არის თამაში”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს რაც შეეხება, დეპუტატმა აღნიშნა, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კონფლიქტი არ სჭირდება.
საქართველოშიც 26 ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომლებზეც დამოკიდებულია, ვის ხელში იქნება ქვეყნის მართვის სადავეები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.