კალაძე: საქართველოს რეპუტაციას აზიანებს არა სააკაშვილის პატიმრობა, არამედ მისი ქმედებები

კალაძის თქმით, სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია.
Sputnik
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რეპუტაციას აზიანებს ქმედებები, რომელიც მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს და რომელიც დემოკრატიის სახელით ინიღბებოდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
როგორც ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, სააკაშვილი ციხეში რეალური მიზეზების გამო ზის და ეთანხმება მოსაზრებას, რომ „რეპუტაციული თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ იგი სადმე სხვაგან ყოფილიყო". სხვა ქვეყნები მსგავს საკითხს სხვადასხვა საშუალებით აგვარებდნენ - შინაპატიმრობა, ექსტრადიცია, დასძინა მან.
„ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს. ის მმართველობა, რომელიც უმძიმესი იყო, სისხლიანი და უბედურების მომტანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, დემოკრატიით ინიღბებოდა", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია.
„ეს არ აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, პირიქით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მოეპყროს ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ამას სააკაშვილი და მისი გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდნენ“, - აღნიშნა კალაძემ.
ეს მორალური გადაწყვეტილებაა - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე>>>
სააკაშვილი, მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოს მიერ ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.
სააკაშვილმა 2023 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.