თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორისაა ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე და რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.
ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.