შავ ზღვაში ელექტროკაბელის პროექტით კერძო ინვესტორები დაინტერესდნენ - ვიცე პრემიერი

დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი ნაადრევია, სანამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არ დასრულდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. მსხვილმა ენერგეტიკულმა კორპორაციებმა გამოთქვეს სურვილი, ჩაერთონ შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის საქართველოდან ევროპაში გაყვანის პროექტში, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„ევროპის საინვესტიციო ბანკი, ზოგადად ევროპის სხვადასხვა ფონდი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო იქნება. თუ პროექტის განმახორციელებელი მხარეები შევთანხმდით, ამ პროექტში კერძო ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია, რის სურვილსაც გამოთქვამს მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები. ამაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა და ეს დაფიქსირებულია, თუმცა გააჩნია რამდენად დადგება ამის საჭიროება", - განაცხადა მინისტრმა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ დაფინანსების სტრუქტურაზე საუბარი ნაადრევია, სანამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არ დასრულდება.
მსოფლიო ბანკი იყო პირველი პარტნიორი წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტში და დაფინანსება ასევე გარკვეული ევროპული ფონდებიდან გამოიყოფა.
„მსოფლიო ბანკი ჩვენი პირველი პარტნიორი იყო და კვლევაზე თანხები ზუსტად მათ მიერ იყო გამოყოფილი, თუმცა ეს იყო საქართველოს მიერ აღებული სესხი. ასევე ისინი ტექნიკური დახმარების კუთხითაც ჩართულები არიან, დიდი ნაწილი დაფინანსების მოსალოდნელია, რომ ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ იყოს გამოყოფილი, უკვე მშენებლობის ნაწილშიც. გარკვეული ზეპირი შეთანხმებები ამასთან დაკავშირებით არსებობს“, - აღნიშნა მან.
სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის გაყვანის პროექტით >>
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
დავითაშვილის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2022 წლის მაისში დაიწყო და 18 თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 2024 წლის ივლისამდე არ დასრულდება. კვლევას ამზადებს იტალიური ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია CESI.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების ვადის გაგრძელების მიზეზი პროექტში ახალი მონაწილე ქვეყნების ჩართვა იყო, რადგან თავდაპირველად კაბელის გაყვანა განიხილებოდა მხოლოდ ორი მონაწილის - რუმინეთის და საქართველოს ელექტროსისტემების ჩართულობით.
„შემდგომში დაემატა ევროპის მხრიდან უნგრეთი და სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანი. ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ კვლევა. ამ კვლევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, დაემატა ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა უკვე აზერბაიჯანში, მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთისა და თურქეთის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლაც გახდა ამ პროექტის დაკვირვების საგანი“, - განაცხადა დავითაშვილმა.
წყალქვეშა ენერგოკაბელი საქართველოს ელექტროენერგიის ნეტოექსპორტიორად აქცევს – დავითაშვილი>>
მისი თქმით, ბულგარეთი დამკვირვებელი წევრის სახით დაესწრო მინისტრთა საკოორდინაციო შეხვედრებს. კვლევის სრული დოკუმენტი ივლისში იქნება ხელმისაწვდომი.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.