თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართველი სპეციალისტები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შვეიცარიელი კოლეგების დახმარებით, დეტალურად შეისწავლიან 22 მყინვარულ ხეობას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
ეს მყინვარული ხეობები ძირითადად მაღალმთიანი ზონები მდებარეობს. მათ ქვევით კი დასახლებული პუნქტებია განლაგებული.
„აქ უნდა მოხდეს ძალიან დეტალური შეფასებების ჩატარება, რათა რისკის ზონები და არეალები თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით გვქონდეს განსაზღვრული და დავგეგმოთ შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები“, - განაცხადა თანდილაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თანდილაშვილმა განმარტა, რომ „შესაბამის ღონისძიებებში“ შეიძლება იგულისხმებოდეს ადამიანების განსახლება, რიგ შემთხვევაში - ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შეზღუდვა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შემოღება.
საქართველოში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის 3 აგვისტოს მთის კურორტ შოვში მეწყერს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი თვის შემდეგ კი სამი ადამიანი იმავე მიზეზით გურიაში დაიღუპა. ხოლო 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყრისა და ზვავის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში სასიკვდილო მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების მიზეზი კლიმატური ცვლილებებია.
დასკვნაში წერია, რომ მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება მთელ მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მყინვარ ბუბაზე ექსპედიცია განახორციელეს და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით პირველადი დასკვნა მოამზადეს. პარალელურად სააგენტოს თანამშრომლებმა შვეიცარიულ კომპანია Geotesti-სთან, რომელსაც აქვს მსგავსი სტიქიური მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
კომპანიამ გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული მასალები შეისწავლა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გადაამოწმა. შვეიცარიელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომელიც მათმა ქართველმა კოლეგებმა მიიღეს.
სააგენტო გააგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებას. გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 13 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს თანხები მოხმარდება მონიტორინგის თანამედროვე ქსელის გაფართოებას და გაძლიერებას.