თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ჩინეთთან უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში მალე შევა, ამ ეტაპზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩინეთში უწყვეტად 30 დღე დაჰყონ.
„ჯერ კიდევ გასულ წელს ვამბობდით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა 2024 წლიდან ექნებათ, ასეც მოხდა. ეს გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში, ახლა მიდის ტექნიკური სამუშაოები. ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება ყოველგვარი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში", - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ეს არის ჩინეთის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
„პირველ რიგში, ეს იქნება სავაჭრო- ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც იცით, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო ასეთი მარტივი", - განაცხადა დავითაშვილმა.
უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და გაამარტივებს ამ პროცესს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში, აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ხელისუფლება სხვადასხვა ჩინურ ავიაკომპანიებთან ერთად განიხილავს ჩინეთის ქალაქებსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას.
„მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ტურიზმის სექტორში რეალური მნიშვნელოვანი თანხების გამომუშავებას და ეს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. 2024 წლის იანვარში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 96,4 მლნ დოლარი შეადგინა.