ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა შეიძლება ხელშეუხებლობის გარანტი მიიღოს

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, შესაძლოა, ხელშეუხებლობის გარანტი მიიღოს, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ორშაბათს, 26 თებერვალს წარედგინება.
ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა, მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლი. ბიურო ასევე კოორდინაციას უწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
დეპუტატი: ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა და ყველაფერი შეამოწმოს>>>
გამონაკლისი იქნება დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.
ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებასა ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
პროექტით უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო 2024 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურისა და მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. სიაში 300-მდე ჩინოვნიკია.