თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი დანიაში, ქალაქ ნესტვედში გამართა და 69:75 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს და პირველი ტაიმი ცხრა ქულის სხვაობით მოიგეს (37:28). თუმცა, მატჩის მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ანგარიშით 69:75 დამარცხდა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
დანიის ნაკრების რიგებში საუკეთესო იყო შენგელიას თანაგუნდელი იტალიის „ბოლონიაში" იფე ლუნდბერგი, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისში სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 26 თებერვალს 21:00 საათზე დაიწყება.