თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში SATTE 2024-ის ((South Asia’s Travel & Tourism Exchange) საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 28 სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.
„გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, იხილონ ვიდეორგოლები და მიიღონ ინფორმაცია ტურისტული პროდუქტების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები წამყვან კომპანიებთან, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ურთიერთობები დაამყარონ მომავალ პარტნიორებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების მიზნით.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა SATTE 2024-ში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის 1,2 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. ღონისძიებას ტურიზმის 35 ათასზე მეტი სპეციალისტი ესწრება.