თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის თანამდებობიდან გადაყენების დავალება მიიღეს, რისთვისაც ორი სცენარი შემუშავდა, იუწყება გამოცემა Kvira.ge.
გამოცემა Kvira.ge აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გეგმების შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს. პირველი სცენარის თანახმად, იგეგმებოდა კალანდარიშვილზე მასირებული ბულინგის კამპანია, რაც მისი გადადგომით უნდა დასრულებულიყო. კამპანიაში უნდა ჩართულიყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ოპოზიციური მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და გარე აქტორები.
„ნაცმოძრაობას” მაგიდაზე უდევს მეორე, ბევრად უფრო მძიმე ვერსია. კერძოდ, უნდა დაგეგმილიყო კალანდარიშვილზე ფიზიკური თავდასხმა, ძალისმიერი ანგარიშსწორება იმგვარად, რომ მას ვეღარ მოეხერხებინა უფლებამოსილების განხორციელება", - წერს გამოცემა.
კალანდარიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში კი, ცესკოს თავმდჯომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრი გიორგი სიორიძე შეასრულებდა, რაც, გამოცემის მტკიცებით, ავტომატურად ნიშნავს ოპოზიციის მიერ აღნიშნული ინსტიტუციის დამორჩილებას.
Kvira.ge-ის ინფორმაციით, აღნიშნული სცენარების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში", რაც დაზღვეული იქნა საკანონმდებლო ცვლილებით და სწორედ ამიტომაც გაუქმდა პირველი მოადგილის თანამდებობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს - საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის და პროფესიონალი წევრების არჩევის წესში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და შვიდი წევრი ხუთი წლის ვადით უნდა აირჩიოს პარლამენტმა ან დანიშნოს პრეზიდენტმა, ცხრა წევრი კი პარტიებმა უნდა დანიშნონ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, მიღებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის და ევროკავშირის რეკომენდაციებს.
„ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მმართველი პარტია აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
თავმჯდომარის საკითხი
ამჟამად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მომავალ არჩევნებზე თავის კანდიდატურას კვლავ წარადგენს.
კალანდარიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები შეინარჩუნა.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.