რამ გამოიწვია შოვის ტრაგედია? შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნამ მითები გააქარწყლა

შვეიცარიელმა ექსპერტებმა ქართველი კოლეგების მიერ მოზადებული პირველადი დასკვნა დაადასტურეს
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის მთავარ მიზეზად შვეიცარიელმა ექსპერტებმა კლიმატის ცვლილება დაასახელეს და დაადასტურეს ქართველი კოლეგების პირველად დასკვნაში გამოქვეყნებული ყველა ძირითადი ასპექტი, რითაც პასუხი გაეცა საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა კურორტი. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი.
„როგორც ქართველმა, ისე შვეიცარიელმა ექსპერტებმა შოვში დამანგრეველი მეწყერის, ღვარცოფისა და მყინვარის დნობის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელეს. ცვლილებები, რომლებიც დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ კლიმატური პირობები და კლიმატის ცვლილებები იყო ხუთი ერთმანეთში გადახლართული სტიქიური მოვლენის მიზეზი, რამაც, სამწუხაროდ, მძიმე შედეგები გამოიწვია“, - განაცხადა ბითაძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მყინვარ ბუბაზე ექსპედიცია განახორციელეს და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით პირველადი დასკვნა მოამზადეს. პარალელურად სააგენტოს თანამშრომლებმა შვეიცარიულ კომპანია Geotesti-სთან, რომელსაც აქვს მსგავსი სტიქიური მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
„პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ შვეიცარიელმა ექსპერტებმა, რომელთაც ამ პროცესების მონიტორინგისა და საექსპერტო ანალიზის მომზადების ძალიან დიდი, მრავალწლიანი და კვალიფიციური გამოცდილება აქვთ, ერთი-ერთში დაადასტურეს ის დასკვნები და ანალიზები, რაც ქართველმა ექსპერტებმა მოამზადეს გასულ წელს", - განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნამ გამოავლინა ოთხი სიყალბე, რომელიც მოსახლეობაში ვრცელდებოდა და რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
მითი პირველი
პირველი - თითქოს მდინარე ბუბისწყლის აუზში ადგილი ჰქონდა წყლის გრძელვადიან შეგუბებას, რომელიც წინა დღეებში დიდი რაოდენობით მოსულმა ნალექიმა გამოიწვია, ბითაძის თქმით, სიცრუეა, რაც შვეიცარიელი ექსპერტების მიერაც დადასტურდა.
„დადასტურდა, რომ სტიქიის განვითარებამდე 15 საათის განმავლობაში უნალექო ამინდი იყო და ასევე ის, რომ გაცილებით მეტი ნალექი იყო ივნისში, მაგრამ მაშინ მეწყრული პროცესების გააქტიურება არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ბითაძემ.
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. მეწყერს წინ უძღოდა მყინვარბუბას ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
ნინო ჩხობაძე: საქართველოში მეწყერები კიდევ მოსალოდნელია>>>
შვეიცარიელი ექსპერტების მიერ ასევე დადასტურდა სააგენტოს წინასწარი მონაცემები ღვარცოფების სიჩქარესთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამინისტროსა და სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია ცალსახად სწორია, აღნიშნა ბითაძემ.
„მათ შორის დადასტურდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მყინვარის შედეგად გამოწვეულმა ღვარცოფის ნაკადმა, ისევე როგორ სხვა მეწყრულ-ღვარცოფულმა პროცესებმა, ტრაგედიის ადგილამდე დაახლოებით 7-10 წუთში მიაღწია", - განაცხადა ბითაძემ.
მითი მეორე
მეორე ინფორმაცია, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა, დაკავშირებული იყო ტყის უკანონო ჭრასთან.
„ჩვენ ეს ინფორმაცია მაშინაც უარვყავით. მაგრამ პროცესისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის ზიანის მიყენების მიზნით, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიზეზი იყო ხეტყის უკანონო ჭრა, რომ მოხდა ნიადაგის ეროზია და თითქოს ნალექებმა გამოიწვია მეწყერი. ადგილზე ტყეების გაჩეხვის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ვერც დაფიქსირდებოდა, რადგან იქ ფიზიკურად ტყე არ არის, რაც ასევე დაადასტურეს შვეიცარიელმა ექსპერტებმა“, - აღნიშნა მან.
მითი მესამე
ბითაძის თქმით, მესამე ტყუილი დაკავშირებულია იმასთან, რომ მასშტაბური სტიქიის შეკავება კაპიტალურ დამცავ ნაგებობას შეეძლო, რომელიც ტრაგედიის ადგილზე არ იყო.

„ვერც ერთი კაპიტალური ნაგებობა, ვერც ერთი ინფრასტრუქტურა ვერ შეძლებდა მსგავსი მასშტაბის სტიქიის შეკავებას ვერც საქართველოში და ვერც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. არსებობს ისეთი სტიქიური მოვლენები, რომელთა პროგნოზირება და პრევენცია, სამწუხაროდ, არც საქართველოში და არც მსოფლიოს სხვა განვითრებულ ქვეყნებში დღეისთვის შეუძლებელია", - აღნიშნა ბითაძემ.

მითი მეოთხე
მეოთხე, ყველაზე გავრცელებული მითი, ბითაძის თქმით, განგაშის სისტებას ეხებოდა.
ბითაძემ აღნიშნა, რომ სინამდვილეში განგაშის სისტემა არის წინასწარი და ადრეული გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელთა გამოყენებაც გეოლოგიურად აქტიურ შემთხვევებში ხშირად ვერ ხერხდება.
„შვეიცარიელმა ექსპერტებმა ასევე გააქარწყლეს ეს ცრუ ინფორმაცია და მითი, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად იმეორებენ ჩვენი პოლიტიკური პარტიები და დაადასტურეს, რომ შოვში განვითარებულ ტრაგედიასა და მასშტაბურ კატასტროფასთან მიმართებით განგაშის სისტემა არ მოგვცემდა საშუალებას აგვეცილებინა ტრაგედიის მასშტაბები და შედეგები“, - განაცხადა ბითაძემ.
შოვის ტრაგედიამ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის გაძლიერების მნიშვნელობა აჩვენა - მინისტრი>>>
შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოპოზიციონერებმა ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს ხალხის გადასარჩენად გაწეული არასაკმარისი ძალისხმევის გამო.
შოვში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარბუბას ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების რამდენი სადგური ამოქმედდება საქართველოში>>>
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, ჩამოინგრა მისი გარკვეული ნაწილი, რამაც, შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება მთელ მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
წინასწარი გათვლებით, ღვარცოფს კურორტ შოვის კოტეჯების ტერიტორიაზე, სადაც ხალხი იმყოფებოდა, 8-10 წუთში უნდა მიეღია.
ბალნეოლოგიური კურორტი შოვი ონის რაიონში, ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.