თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების წესის შეცვლა იგეგმება, რისთვისაც სხვა ქვეყნებში აპრობირებული მეთოდები იქნება გამოყენებული, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც", - ნათქვამია განცხადებაში.
მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა პაციენტის ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.
შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. აღნიშნული ინსტრუმენტი მომავალში გამოყენებული იქნება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტორებისთვის.
ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის ითვალისწინებს საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია.