თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. უმუშევრობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება, მიუხედავად პოზიტიური სტატისტიკისა და მთავრობა გეგმავს უმუშევრობის დონის შემცირებას მსოფლიოსა და ევროპის განვითარებული ქვეყნების დონემდე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 15,3% შეადგინა, რაც 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე.
„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. კერძოდ, ჩვენი მიზანია, რომ უმუშევრობის დონე შევამციროთ იმ ნიშნულამდე, რომელიც ევროპის და ზოგადად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, დასაქმებულთა რეკორდული რიცხვი და დაბალი უმუშევრობა 2023 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა.
„მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზრის მიმართულებით. 2023 წლის ოთხივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდა. შედეგად, დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი“, - განაცხადა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ მოიყვანა „საქსტატის“ მონაცემები, რომელთა თანახმად 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. დასაქმების დონე 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ასევე მაქსიმალური 44,5% შეადგინა.