რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე – პაპუაშვილის პასუხი

Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაზეა მიმართული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო უმრავლესობა პარტიისთვის არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანაზე, ერთპიროვნულად მიიღოს.
„ის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს, ეს არავისში ეჭვს არ წარმოშობს. დამაჯერებელი მოგების გარდა, არჩევნებში ქართველი ხალხი ყველას, ყველა რადიკალს ხმას გააგონებს შიგნითაც და გარეთაც, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რეკონსტრუქციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი დაირაზმოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მიანიჭოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ყველამ დაინახოს ქართველიო ხალხის არჩევანი.
„უკვე მეცხრე თუ მეათე არჩევნები ტარდება და ოპოზიცია ყველა ჯერზე ამბობდა, რომ იმარჯვებდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა მათ საკუთარი ადგილი მიუჩინა. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა ამ საპარლამენტო არჩევნებში უნდა თქვას, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არა – ომი, იყოს ეკონომიკური წინსვლა და არა – ეკონომიკური კატასტროფა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ხმის მიცემას საქართველოში ომისთვის, დასძინა ან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოხვდებიან პარტიები, რომლებმაც ხმების სულ ცოტა 5% მოაგროვეს. არჩევნებში მონაწილე პარტიების ოფიციალური ჩამონათვალი ცნობილი აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება, როდესაც ცესკო პარტიების რეგისტრაციას დაასრულებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, მიუხედავად ბევრი პარტიისა, პარლამენტში ადგილებისთვის ძირითადი ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და მის მუდმივ კონკურენტ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის გაიმართება.
რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია წინასაარჩევნოდ გაერთიანებას? პოლიტიკოსი ქალების მოსაზრება>>
ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს არჩევნების წინ ძალების გადანაწილება, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.