სერტიფიკატის შეჩერება და წერილობითი გაფრთხილებები – რა გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ

პროფესიული განვითარების საბჭომ ცხრა საკითხი განიხილა.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი— Sputnik. პროფესიული განვითარების საბჭომ ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა, ხოლო რვა ექიმმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე. რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ხელმძღვანელობდა, დღეს ცხრა საკითხი განიხილეს.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, რვა ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ერთ ექიმს შეეზღუდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების ექიმმა ნევროლოგმა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი გასცა. დაფიქსირდა გადაჭარბებული დღიური დოზის დანიშვნის შემთხვევებიც.
„აღსანიშნავია, რომ ნევროლოგის მიერ გამოწერილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ზოგიერთ შემთხვევაში, აფთიაქიდან არა პაციენტი, არამედ სხვა, მესამე პირი იღებდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლის საბოლოო დასრულებამდე, მას ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება შეეზღუდა”, - ნათქვამია უნფორმაციაში.
სამ სამედიცინო დაწესებულებას საქმიანობა აეკრძალა - მიზეზები>>
საბჭოს მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო 38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის მხრიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის ისეთი მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, რომელიც საქართველოში დაშვებული არ არის და ასევე არ არის აღიარებული არცერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმის მასალები საქართველოს პროკურატურას გადაეცა. რეგულირების სააგენტო, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე პრეპარატების დანიშვნასთან დაკავშირებით, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას შესწავლის მიზნით რეცენზენტებს გადასცემს.
საქართველოში ელექტრონული რეცეპტით ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია გამკაცრდა>>
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო. სააგენტო საკითხებს ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე სწავლობს.
სააგენტო ასევე აკვირდება კლინიკებში სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების პირობებს და განხორციელებას. უწყება გასცემს სამედიცინო დაწესებულებებს ლიცენზიებს, ატარებს ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდებს და ასევე გასცემს სერტიფიკატებს.