თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს უნივერსიტეტებში გარკვეულ პროფესიებზე, შესაძლოა, დისტანციური სწავლება ხელმისაწვდომი გახდეს, ნათქვამია პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.
შესაბამის ცვლილებების შეტანა იგეგმება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. საკანონმდებლო ცვლილებით მათ შორის:
ელექტრონული სწავლება ნაწილობრივ დაიშვება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაადგენს იმ პროფესიების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.
საქართველოს უნივერსიტეტებში ონლაინ-სწავლების პრაქტიკა აქტიურად დაინერგა და გამოიყენებოდა კორონავირუსის პანდემიის დროს. მაშინ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება იძულებული გახდა გადასულიყო ონლაინ-სწავლების ახალ მოდელზე. სწორედ იმ პერიოდში დაინერგა სასწავლო პროცესში სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმები და პორტალები.
„საქსტატის" ცნობით, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 160 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე 0,9%-ით მეტია.
2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 19 საჯარო და 43 კერძო დაწესებულებაა. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64,5% თბილისში მდებარეობს.