პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს სასიკეთოს არაფერს ილაპარაკებს - დეპუტატი

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიეღო მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში, არის საქართველოს ინსტიტუციების შეურაცხყოფა, მიაჩნია დეპუტატს
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს სასიკეთოდ არაფერს იტყვის, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფიაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მიიღო ოფიციალური მიწვევა და აპირებს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ამასთან, მთავრობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის მიღებისთვის მათთვის არ მიუმართავს.
„ზუსტად ვიცით, რომ არაფერს საქართველოს სასიკეთოს არ ილაპარაკებს იქიდან გამომდინარე, რომ წარსული გამოცდილება გვაქვს – საქართველოს სასიკეთოს არაფერს ლაპარაკობს“, - განაცხადა სეფაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიეღო მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში, პირველ რიგში, არის საქართველოს ინსტიტუციების, პრეზიდენტის ინსტიტუტის და ასევე კონსტიტუციის შეურაცხყოფა.
„არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, მისი უფლება-მოვალეობები, რომლებიც გაწერილია კონსტიტუციის მიხედვით და სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს არღვევს, რითიც არღვევს კონსტიტუციას. ამბობს, მე არ მაინტერესებს, ამ ქვეყანაში პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები რა არის, არ მაინტერესებს კონსტიტუცია და სადაც მინდა, იქ წავალ“, - განაცხადა სეფაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ცდილობს, თავი დაანახოს თავის პატრონებს და უთხრას – შემიძლია კანონის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადავდგა, თქვენთვის სასარგებლო თოჯინა ვიყო, რომელსაც რასაც დაავალებთ, იმას გააკეთებს.
ღარიბაშვილი: პრეზიდენტმა ღალატი ჩაიდინა >>
დეპუტატის თქმით, მიუნხენის კონფერენცია იმეორებს ქართული რადიკალური ოპოზიციის ნარატივს და ეს არის ძლიერი დარტყმა ღონისძიების რეპუტაციისთვის.
2024 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დოკუმენტში მოხსენიებულია „პრორუს ოლიგარქად“, რომელიც „ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის მიუხედავად საქართველოს ევროკავშირთან და დემოკრატიასთან აშორებს“.
პაპუაშვილი: ზურაბიშვილს საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია>>
მიუნხენის კონფერენციაზე საქართველო იქნება წარმოდგენილი მაღალ დონეზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის სახით.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ტრადიციულად თებერვალში მიუნხენში იმართება. ფორუმი აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.