თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძესთან შეხვედრა გამართა, რომელმაც მთავრობის მეთაურს როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები.
„შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურს 2021 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. რაც შეეხება კობახიძეს, მან პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ კვირას ოფიციალურად დაიკავა. საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა. იმავე დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რის შემდეგაც კობახიძე მთავრობის მეთაური ოფიციალურად გახდა.
საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ემორჩილება. სამსახურის ძირითადი ამოცანებია გარე საფრთხეების და რისკების გამოვლენა, ქვეყნის საჯარო-პოლიტიკური მოხელეების უზრუნველყოფა სადაზვერვო ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად ეროვნული უშიშროების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში.