ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები

გასულ წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით შემცირდა და 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე (ESCO) არსებულ მონაცემებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერაციამ 14,4 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა - 1%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,8 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 3,4 მილიარდი კვტ სთ, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 86,12 მილიონი კვტ/სთ გამოიმუშავა, იტყობინება ESCO.
გარდა ამისა, გასულ წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
ოპერატორის მონაცემებით, ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდი კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 88,8% შეადგინა. მეზობელ ქვეყანაში 1,3 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგია გავიდა.
ასევე, საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში (86,33 მლნ კვტ სთ), სომხეთში (78,46 მლნ კვტ სთ) და რუსეთში (0,18 მლნ კვტ სთ).
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის სექტორს პირად კონტროლზე აიყვანს>>>
ასევე გასულ წელს საქართველომ ელექტროენერგიის 99,6% რუსეთიდან შემოიტანა – 786,55 მლნ კილოვატ/საათი. დანარჩენი 0,4% თურქეთზე მოდის, საიდანაც 3,29 მლნ კვტ/სთ შემოვიდა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.