აჭარის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან

პროექტის მიზანი აჭარაში სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის გაძლიერებას.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აჭარის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდელის შექმნაში ჩაერთვება, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასშტაბური პროექტის განხორციელებაზე მემორანდუმს ხელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილე ოთარ დიასამიძემ, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სანდრა შენკემ და პროგრამის დირექტორმა იან რიკმეიერმა მოაწერეს.
პროექტის მიზანი აჭარაში სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის გაძლიერებას. CONNECT GEORGIA-ს (მდგრადი და შეკავშირებული მობილობა საქართველოში) პროექტის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის საერთო დოკუმენტი მომზადდება.
ეროვნულ დონეზე მიმდინარე საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის, ასევე ავტოსადგურების რეფორმის გათვალისწინებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, აჭარაში შეიქმნება რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონცეფცია.
პროექტის განხორციელებას რეგიონული სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან და დაინტერესებული მხარეებისგან დაკომპლექტდება.
GIZ-ის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ჩართულობით შექმნილი პროექტის მუშაობაში, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.