ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის დაიკეტა

ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს კანიონი დამთვალიერებლების მიღებას
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ოკაცეს კანიონმა ტექნიკური სამუშაოების გამო 12 თებერვლიდან ვიზიტორების მიღება დროებით შეწყვიტა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოში არ დაუზუსტებიათ, კანიონი როდის განაახლებს მუშაობას.
ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე – 50 მ. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია.
2011 წელს ოკაცეს კანიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.
განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის – 70, ხოლო მესამის – 35 მეტრი.