ბრძოლა ხეტყის უკანონო ჭრასთან საქართველოში: რამდენი სახერხი საამქრო დალუქეს იანვარში

სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2024 წლის იანვარში აჭარასა და სამეგრელოში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს და დალუქეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთი უკანონო სახერხი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესელაშვილებში (კლდისუბანი) დალუქეს. მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი.
2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია ტყეები დასავლეთ საქართველოში. ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტყეებში ბატონობს ფოთლოვანი ხეები - მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, წიფელი და სხვა. ამ ხეების ჩრდილში იზრდება როდოდენდრონი, წყავი, ბზა, კოლხური ბაძგი, კავკასიური მოცვი და სხვ.