თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა რვა ჯგუფი საქართველოში სტიქიური უბედურების ზონაში რჩება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში ბოლო დღეებში სტიქიური უბედურებით გამოწვეული რამდენიმე ტრაგედია მოხდა: 6 და 7 თებერვალს აჭარასა და იმერეთში მეწყერმა 11 ადამიანი იმსხვერპლა.
უწყების ცნობით, ოთხი ჯგუფი – აჭარაში, სამი – იმერეთში და ერთი შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.
სააგენტოს შეფასებით, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ხაშური, გორი, ლანჩხუთი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხულო, ქედა) მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესის (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება.
„6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.