თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. მსჯავრდებულმა ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკვე წლებია, აღარ არის საქართველოს მოქალაქე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა გადაწყვიტა.
სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
„მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ, ასევე ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის“, – განაცხადა სააკაშვილმა საავადმყოფოს პალატიდან პირდაპირი ჩართვის დროს სასამართლო სხდომაზე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე იმართება.
ამავე დროს, ექს–პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი არჩევნებში მონაწილეობა შესაძლებელია. როგორც მან გაიხსენა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობდა.
მაშინ არჩევნებში მონაწილეობის აუცილებელი პირობა იყო ევროკავშირის მოქალაქეობა და ქვეყანაში მუდმივი ცხოვრება ბოლო 10 წლის განმავლობაში. ექს–პრეზიდენტმა საქართველო 2013 წელს დატოვა და სამშობლოში მხოლოდ 2021 წელს დაბრუნდა, ამასთან, უკრაინა, რომლის მოქალაქეც არის სააკაშვილი, არ არის ევროკავშირის წევრი.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა, როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს. ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოემზადოს არჩევნებში მისასვლელად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, ექს–პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად საარჩევნო კამპანიაში ჩართვისა, ის არ აპირებს უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმას.
საპარლამენტო არჩევნები წელს 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია აგვისტოში დაიწყება.
სხვა თემები სასამართლოზე
სასამართლოზე სააკაშვილმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა.
„რაც მთავარია... ქართველ ხალხს აღარ დაედგომება საკუთარ ქვეყანაში. ისინი არიან ღრმა დეპრესიაში, ამიტომ ხალხი ქვეყნიდან გარბის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სააკაშვილმა ასევე ილაპარაკა ბრალდებების უსაფუძვლობაზე, მან შეაქო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნისთვის. ამასთან, მან პრეზიდენტს მოუწოდა, ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის ინიციატივა აიღოს ხელში.
„მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი. შენობაში ერთი და იმავე ხალხთან შეხვედრა ცოტა ერთ წრეზე სიარულს ჰგავს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექიმები ბოლო დროს აღნიშნავენ, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ციხეში გადაყვანის რეკომენდაციას არ იძლევიან.
ირაკლი კობახიძემ, ჯერ კიდევ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი როცა იყო, განაცხადა, რომ სააკაშვილის დათრგუნული მდგომარეობა იმას უკავშირდება, რომ დანარჩენი პატიმრები ციხეში არიან, ის კი რამე საფუძვლის გარეშე – ოროთახიან პალატაში.
ამავე დროს მან მიუღებელი უწოდა სააკაშვილისთვის, ფაქტობრივად, პოლიტიკური ტრიბუნის წარდგენა და აღნიშნა, რომ მთავრობას სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევა არ შეუძლია.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.