თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ირაკლი კობახიძე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში გაემგზავრება.
ბელგიის დედაქალაქში პრემიერის ვიზიტი 20-21 თებერვალს განხორციელდება.
8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძეს,  მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული  სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა,  წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე  ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი  კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის  თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
„პრინციპში, ბრიუსელში ვიზიტი უკვე დაგეგმილია 20-21 თებერვლისთვის. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატოს. უკვე გაწერილია დღის წესრიგიც. შესაბამისად, პირველი ვიზიტი განხორციელდება ბრიუსელში“, –  განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც ადრე კობახიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი მთავარი მიზანი  იქნება დასახული ამოცანების შესრულება - ევროკავშირში ინტეგრაცია,  სიღარიბესთან ბრძოლა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ცვლილებები დააანონსა და მთავრობის პირველი სხდომა 12 თებერვალს ჩანიშნა.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული  ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე  მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა.