თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოში პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციები გავლენას ახდენენ რადიკალურ პარტიებზე და აძლიერებენ მათ, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
„ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რადიკალებს უწყობს ხელს იმაში, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სავალ გზას ააცდინონ", - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები დახმარებას უწევენ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პირდაპირ უტევენ საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და ხშირად მას არალეგიტიმურად აცხადებენ.
„არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური მიკერძოება აძლიერებს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ხდებიან რადიკალური გავლენის აგენტები და გაურბიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ნათელია კავშირი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილ ჩინოვნიკებს შორის. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გასაკვირი არაა, რომ სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებულად აქტიური 2020 წლის არჩევნების შემდეგ გახდა და რაღაც მომენტში განაცხადა ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებისა და ამ მთავრობის საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.
„ზოგიერთ პარადოქსულ შემთხვევაში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ატარებს მათი შემქმნელი პოლიტიკური პარტიის სახელს. ეს პარტიები ორგანიზაციების მიერ აღებულ უცხოურ ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ", – დაწერა პაპუაშვილმა.
მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ განშტოებებია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები „დროა“ და „ხალხისთვის“ პირდაპირ მათი შემქმნელი პარტიების სახელს ატარებენ.
„ეს უცხოური დაფინანსების პოლიტიკურ ჯგუფებზე პირდაპირი პოლიტიკური გავლენის შემთხვევებია, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ცხადია, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ მდიდარია. ისინი, პარტიებად რომ იყვნენ დარეგისტრირებული, პოლიტიკური პარტიების უმეტესობაზე მდიდარი იქნებოდნენ, დასძინა მან.
„უმდიდრესი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ფულს განაგებს, ვიდრე ყველა პოლიტიკური პარტია, ერთად აღებული, არასაარჩევნო პერიოდში. თანაც, მთელი ეს ფული უცხოური წყაროებიდან მომდინარეობს", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის აზრით, უცხოური დაფინანსების ძირითადი პრობლემა გაუმჭვირვალობაა. არ არსებობს დამაჯერებელი განმარტება იმისა, თუ რატომ უნდა იყოს ეს ფინანსები გაუმჭვირვალე, აღნიშნა მან.
„ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არასოდეს განუცდიათ დევნა მათი საქმიანობის გამო, ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციები არ მიიჩნევენ თავს ანგარიშვალდებულად არც ფართო სამოქალაქო საზოგადოების და არც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინაშე", – დაწერა პაპუაშვილმა.
ის ფაქტი, რომ არასამთავრობო როგანიზაციები არა ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, დონორების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.
„დონორები ვეღარ აირიდებენ ამ პასუხისმგებლობას უბრალო დათქმის მოშველიებით, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შინაარსზე პასუხს არ აგებენ. უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება გავლენიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გამოვიდა წინადადებით, გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები ზემოთ აღნიშნული ორმაგი პრობლემების საპასუხოდ.
„პირველი ნაბიჯი იქნებოდა ფინანსური გამჭვირვალების გაზრდა და არასამთავრობოების საქმიანობის სრული გასაჯაროება... მეორე ნაბიჯი იქნებოდა დონორების მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება იმ საქმიანობაზე, რომლებსაც მათი სახელის გამოყენებით არასამთავრობოები ეწევიან", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დონორებს, თავის მხრივ, ასევე შეუძლიათ, დაფინანსება უფრო გამჭვირვალე გახადონ. არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც ამგვარ მიდგომას ეთიკურ ნორმებში მოაქცევდა.
„დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციაში“ დონორები და პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ ერთმანეთის წინაშე. კარგი იქნება, თუ ამ დეკლარაციის სულისკვეთებას გავყვებით", – დაწერა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გამოვიდა წინადადებით, დაიდოს საჯარო შეთანხმება, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები.
„არასამთავრობოების საქმიანობას მსგავსი ინიციატივა ყველა მხარისათვის უფრო სანდოს გახდიდა და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსაც ხელს შეუწყობდა", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა მოქმედი პირი – ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური და ფინანსური წვლილის გაღების პარალელურად, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის იქნება 5%. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
საპარლამენტო არჩევნების სათანადო პირობებში გამართვა ერთ-ერთი პირობაა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის.
არჩევნებს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. მათ შორის იქნება მოწვეული OSCE/ODIHR-ის, ევროკავშირის და აშშ-ის სადამკვირვებლო მისიები.