თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სადაც 7 თებერვალს ღამით მეწყერი ჩამოწვა, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, რვა დაიღუპა, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი.
რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.
კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25 მეტრია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 ათას კუბომეტრს.