თბილისი, 6 თბილისი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, რადგან მმართველი ძალა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ ემორჩილება „გლობალური ომის პარტიის“ დირექტივებს, დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება დაიწყეს რუსეთის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.
„სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობა პირდაპირ იყო და ახლაც არის დაინტერესებული საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, რადგან ,,ქართული ოცნება" იცავს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს, არ ემორჩილება ,,გლობალური ომის პარტიის" დირექტივებს", - დაწერა ბოჟაძემ.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, გლობალური ომის პარტია – ესაა წონიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ქართულ ოცნებაში“ „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.
პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე დაიწყო საქართველოს ამ ომში ჩათრევის გეგმის განხორციელება. უკვე 2 წელია საქართველოს სპეცსამსახურებს 2 წუთი არ ჰქონიათ მოსვენების საშუალება, რადგანაც, როგორც ბოჟძემ აღნიშნა, ,,მეგობრებსა" და მტრებს შორის რთულია განსხვავების პოვნა".
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორი რთული გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფო.
ორშაბათს, 5 თებერვალს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაადგინეს უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოს გავლით ტრანსპორტირების ორგანიზატორი და გამოავლინეს ბოროტმოქმედების სავარაუდო მიზნები. საქმეში ფიგურირებს აქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
„ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა შედეგები მოჰყვებოდა რუსეთში დაგეგმილი თავდასხმებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ან ასაფეთქებელი ნივთიერებების ნაწილის ადგილზე დატოვებას", - აღნიშნა ბოჟაძემ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური", რაც პოლიტიკოსის თქმით, დამატებით კითხვებს აჩენს.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ითანამშრომლებს საქართველოსთან და არაჟნის კონტეინერით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ოპერაციის მსგავსად, მცდარ ინფორმაციას არ გაავრცელებს.
საქმის დეტალები
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.
ავტომობილიდან, რომელიც მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს, ამოღებულია ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ექვსი დეტონატორი, ექვსი სპეციალური გასაღები და 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება. ასაფეთქებელი მოწყობილობა ელექტრომობილისთვის განკუთვნილ ორ აკუმულატორში იყო მოთავსებული, რომლებიც კონტეინერებად გამოიყენებოდა.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიცავდა C-4 პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას. თითოეულ ასაფეთქებელ მოწყობილობაში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო - 2 საათი.
აღნიშნული კონტეინერებიდან ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და ასაფეთქებელი ნივთიერება, კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი სახე და ე.წ. მულაჟები განათავსეს იმ ადგილას, სადაც იპოვეს - მიზანი იყო დამკვეთებისა და შემსრულებლების იდენტიფიცირება.
გამოძიებამ დაადგინა, დამკვეთის დავალებით გეგმები შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით თბილისში, კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
გამოძიების ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური".
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.
ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.