თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ზედოზირების შედეგად სიკვდილიანობა მაღალია, მაგრამ ნარკოდანაშაულზე მხოლოდ სასჯელის გამკაცრება საკმარისი არაა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, ამასთან ნარკომოვაჭრეების პასუხისმგებლობა და ნარკოდამოკიდებულთა მიერ მცირე რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებათა შენახვა-შეძენაზე სხვადასხვა პასუხისმგებლობა განცალკევებულია.
„სამწუხაროდ, 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ეს მსოფლიო პრობლემაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ“, - განაცხადა გომელაურმა და აღნიშნა, რომ საჭიროა კომპლექსური სამუშაო და შსს-ს გარდა, სხვა უწყებების ჩართულობა.
ნარკოტიკების უკანონო მოხმარება და პირადი მიზნებისთვის დამზადება, შენახვა, გადაზიდვა და ტრანსპორტირება ისჯება ჯარიმით ან გამონაკლისის სახით ადმინისტრაციული თავისუფლების აღკვეთით 15 დღემდე ვადით.
განმეორების შემთხვევაში, მოხმარებისთვის სასჯელი იქნება არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოები.
2017 წლიდან საქართველოში მოქმედებს ე.წ. მეტადონით ჩანაცვლების თერაპია, რომლის ფარგლებში პაციენტებს ნარკოტიკის ნაცვლად რეგულარულად მეტადონს უნიშნავენ.