თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ახალ ვერტმფრენს მიმდინარე წლის მარტში მიიღებს, ხოლო ზაფხულში კიდევ ორს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ასრულებენ როგორც საზღვრის დაცვის ფუნქციას, ასევე მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში.
„Airbus Helicopters-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე, განხორციელდება დამატებით 2 შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება“, - აღნიშნა გომელაურმა.
იმის შესახებ, რომ საქართველო ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან H145-ის მარკის სამი ახალი შვეულმფრენის შეძენას აპირებს, 2022 წელს გახდა ცნობილი, მას მერე, რაც 29 ივლისს გუდაურის მთებში პარაპლანერისტის გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. იმ დღეს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
შვეულმფრენების ჯამური ღირებულება 26,5 მილიონ ევროს შეადგენს.