თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დროს გააგრძელებს მუშაობას სამხრეთ კავკასიის როლის გასაძლიერებლად მსოფლიო ასპარეზზე.
სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და ასევე მთავრობის ახალი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარასკევს, 2 თებერვალს წარუდგინა პარლამენტს.
„საქართველო განაგრძობს რეგიონში დაბალანსებული და ურთიერთსასარგებლო პარტნიორულ თანამშრომლობაზე დამყარებული პოლიტიკის გატარებას და ამ გზით, საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების პროცესში“, - ნათქვამია პროგრამაში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.
„ამ მიზნით გაგრძელდება მეზობელ - პარტნიორ სახელწმიფოებთან წარმატებული თანამშრომლობის განმტკიცება, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ყველა სფეროში, ასევე, საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის გაგრძელება ეროვნული ინტერესების შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების საფუძველზე“, - ნათქვამია პროგრამაში.
ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება როგორც თურქეთთან, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთთან ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების არსებული მაღალი დინამიკის შენარჩუნება და გაძლიერება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის იმუშაოს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და შესთავაზა თბილისი, როგორც მოლაპარაკებების პლატფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
უკვე 2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.