სკანდალური გამოსახლება თბილისში: სააპელაციო სასამართლომ აქტივისტები პატიმრობაში დატოვა

პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3.380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს აღსრულების ბიუროს ავტომობილის დაზიანებისთვის დაკავებული სამოქალაქო აქტვისიტები გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა პატიმრობაში დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 23 იანვარს მოექცა, როდესაც გამოსახლების პროცესი ხმაურით წარიმართა. ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერმა სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი გამოსახლების შესახებ, სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის დროს პოლიციასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა და 20 პირი დააკავეს - 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რა შემთხვევაში დაუბრუნდება სახლი ხატიაშვილების გამოსახლებულ ოჯახს - პირობა ცნობილია>>>
რამდენიმე დღის წინ, 30 იანვარს, საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა მზადაა იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ბრალდებულებისთვის ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, თუ აღნიშნული პირები აღიარებენ დანაშაულს და აანაზღაურებენ ზარალს. პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3.380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შეთავაზებაზე თანახმა იყო დაცვის მხარეც, თუმცა, მათ ამ დრომდე არ წარუდგენიათ შესაბამისი დოკუმენტაცია და ცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროდან.
სკანდალი ბინიდან გამოსახლებაზე: ბრალდებულებს შეიძლება აღკვეთის ზომა შეუცვალონ>>>
კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების ხმაურიან საქმეში, როგორც ჩანს, შეთანხმება მიღწეულია. ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატის თქმით, მან ხატიაშვილების ოჯახს 90 ათასი დოლარის გადახდა და სახლის დაბრუნება შესთავაზა. ამასთან, დვალი ბინაში მფლობელის უფლებით ერთი თვის განმავლობაში დარჩება. ხელშეკრულებას ორივე მხარემ მოაწერა ხელი, განაცხადა ადვოკატმა გიორგი სუხიტაშვილმა.