თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ პარლამენტთან თანამშრომლობის კუთხით სუბიექტური დამოკიდებულება ექნება.
კობახიძე პრემიერ-მინისტრობის პირველი კანდიდატი გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მმართველობის პერიოდში, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის დეპუტატთაგან. ყველა წინა პრემიერ-მინისტრი მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს მთავრობაში მუშაობდა.
„განსაკუთრებული სუბიექტური დამოკიდებულება მექნება პარლამენტთან, რაც შეიძლება, რაღაცნაირად აისახოს ჩემს საქმიანობაზე, თუმცა არსებითად გაგრძელდება პროცესები იმ რეჟიმში, როგორც წარიმართებოდა აქამდე. წარმატებული იყო მთავრობის საქმიანობა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველა დარგი მიმოვიხილოთ მთავრობის წევრებთან ერთად და სადაც არის გაუმჯობესების რესურსი, ყველგან ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის რადიკალურ განახლებას არ აპირებს და მის კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, ვინაიდან ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომა გადაწყვიტა.
რაც შეეხება პროგრამას, კობახიძის მინისტრთა კაბინეტის პროგრამა იქნება დროებითი და გათვლილია 10 თვეზე - საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე. საქართველოში არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახება განაცხადა. ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერის თანამდებობაზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოზე 1-ელ თებერვალს ოფიციალურად წარადგინა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ ამას მხარი დაუჭირა ყრილობამ. უკვე პარასკევს კობახიძე პარლამენტის ნდობის გამოსახატავად მთავრობის პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.
პრემიერობის კანდიდატს წარადგენს ის პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები ჰქონდა. შემდგომ პარლამენტმა ამ კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტის სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.