თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამებრძოლები საბაბს ეძებენ, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადონ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. ამჟამად წინასაარჩევნო რბოლის ლიდერი, ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.
„არჩევნების შედეგების ბოიკოტი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი წესია, არ მგონია, რომ 2024 წელი გამონაკლისი იყოს და ამისთვის ემზადებიან ახლა, რათა შეამზადონ საბაბები იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნების შემდეგებს ბოიკოტი გამოუცხადონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ყოველთვის ძლიერი იყო როგორც სტრუქტურულად, ისე იდეურად. მან აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება 2020 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა იყო 2024 წლისთვის.
„ახლა ვართ 2024 წელში და არათუ განაცხადი გვაქვს გაკეთებული, არამედ კანდიდატის სტატუსი გვაქვს მიღებული. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ უფრო გრძელვადიან ხედვებზე ვართ ორიენტირებულები და ჩვენს საზოგადოებას მეტ სიახლეს ვთავაზობთ, ვიდრე ეს ოპოზიციას შეუძლია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რაც ახლაა საშიში, ესაა ფაქტი, რომ ოპოზიცია უკვე მთლიანად გადავიდა რადიკალურ კალაპოტში.
„ვნახეთ პირველი მერცხალი „ლელო“, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და დემოკრატიულ პროცესებს... საბოლოო ჯამში, არსებობს „ნაცმოძრაობა“ და მის ქვეშ არსებული პარტიები, ვინაიდან მათ აქვთ ფინანსური რესურსები, მედიარესურსები, შესაბამისად, თავმოყრილი არიან მის გარშემო ოპოზიციური პარტიები. არ ვგულისხმობ ერთ-ორ გამონაკლისს, თუმცა ისინი ამინდს, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ვერ ქმნიან“, – დასძინა პაპუაშვილმა.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ცხრა პირობის განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელომ“ იცის, როგორ შეასრულოს ეს პუნქტები უმოკლეს ვადებში, როდესაც პარტია ხელისუფლებაში მოვა.
„ქართულ ოცნებაში" „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „ლელოს", „საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელს" „დროას", „ევროპულ საქართველოს“ „გირჩი – მეტ თავისუფლებასა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა" და „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებენ.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არის დაკავებული.
„უდმივი ბოიკოტობანაა, რასაც ისინი თამაშობენ. ხან არიან ჩართული, ხან - არა, ხან ბოიკოტში არიან და ხან მუშაობაში მონაწილეობენ, ეს ჩვეულებრივი წესია და ამაზე ჩვენს საქმიანობას ვერ ავაწყობთ. პირიქით, ჩვენ გვინდა, მოსახლეობა იყოს მზად და ყველანაირად ჩანს, რომ იგეგმება რადიკალური დღის წესრიგის განვითარება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მმართველი ძალა ამომრჩეველს სთავაზობს ძალიან შინაარსობრივ, საგნობრივ საარჩევნო კამპანიას, სადაც იქნება საუბარი მიზნებზე, იდეებზე, ისევე, როგორც 2020 წელს.
„ვხედავთ, რომ ოპოზიციას დღემდე არაფერი აქვს სათქმელი ერთი-ორი აჩემებული თემის გარდა, ვერ სცდებიან საერთოდ. დააკვირდით მათ შორის საპარლამენტო საქმიანობას, უამრავი კანონი მივიღეთ პარლამენტში შარშან, რომელიც ეხება უშუალოდ ჩვენს მოქალაქეებს, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს და საერთოდ არ არიან ჩართულები არანაირ დისკუსიაში. კენჭისყრებშიც არ მონაწილეობენ. სამწუხაროდ, დაკავებული არიან მხოლოდ გარკვეული თეატრალიზებული წარმოდგენებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს პირველი არჩევნები იქნება, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. პარლამენტში მოხვდებიან პარტიები, რომლებიც ამომრჩევლების ხმების სულ ცოტა 5%–ს გადალახავენ.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.