თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში გამოთავისუფლებულ ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს.
ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახება განაცხადა. ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერის თანამდებობაზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოზე 1-ელ თებერვალს ოფიციალურად წარადგინა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ ამას მხარი დაუჭირა ყრილობამ. უკვე პარასკევს კობახიძე პარლამენტის ნდობის გამოსახატავად მთავრობის პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.
გიორგი ბარვენიშვილი მმართველი პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში 71-ე იყო.
რაც შეეხება ვიცე-სპიკერ ირაკლი ჩიქოვანის საპარლამენტო მანდატს, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განმარტა, ჩიქოვანი მაჟორიტარული სიით არის არჩეული, ხოლო შუალედური არჩევნები საარჩევნო წელს არ ტარდება. შესაბამისად წელს ზუგდიდი მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე დარჩება.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.