მსოფლიო დღეს

ფერმერებმა ევროპარლამენტის წინ კოცონი დაანთეს: ვიდეო

Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ევროპელმა ფერმერებმა, რომლებმაც ბრიუსელში საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ქალაქის ცენტრში კოცონები დაანთეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კოცონი ანთია ლუქსემბურგის მოედანზე, ევროპარლამენტის შენობის წინ.
პოლიციას პარლამენტის შესასვლელიგადაკეტილი აქვს და პერიოდულად მხოლოდ ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების ნიშნები არ შეიმჩნევა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ფერმერები ძალის გამოყენებას არ აპირებენ, თუმცა ჯერ არც დაშლას გეგმავენ, ვინაიდან ლიდერების პასუხს ელოდებიან.
ამ დროისათვის ევროპული კვარტლის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა ტრაქტორებითა და სატვირთოებითაა ჩახერგილი. ბევრმა ფერმერმა პირდაპირ ქუჩაში გაშალა ჩალა, ზოგმა კი თავისი პროდუქცია გზის სავალ ნაწილზეც გამოფინა.
ბელგიელების გარდა, ბრიუსელის ცენტრში ფერმერები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდანაც ჩავიდნენ.
ბოლო დღეებში ევროკავშირის ქვეყნებში ფერმერთა პროტესტებმა იმატა, რომლებიც ევროპული აგრარული პოლიტიკის შეცვლას მოითხოვენ — მათ შორის, შეზღუდვების მოხსნასა და იაფი უცხოური პროდუქციის უკონტროლო იმპორტის შეჩერებას. სხვადასხვა პროფკავშირული ასოციაციების მონაცემებით, ევროკავშირში ფერმერები პრაქტიკულად ვეღარ იღებენ მოგებას ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკის გამო.