დეპუტატი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას

დეპუტატის თქმით, ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველის სწრაფი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას აძლევს, განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
„ასეთ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლა ეკონომიკურად ძალიან სწრაფი განვითარების შესაძლებლობებს გვაძლევს. ჩინეთთან ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში გადასვლა კიდევ უფრო მეტად ზრდის ინვესტიციების მოზიდვისა და სექტორული განვითარების შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა სონღულაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში საქონლის მნიშვნელოვან ნაკადს გენერირებს. ჩინეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მაქსიმალურად გამოყენებას.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ „შუა დერეფნის" განვითარება მნიშვნელოვანია და ჩვენს ქვეყანას აქვს სატრანზიტო ფუნქცია, რაც არ არის დღეს და გუშინ შექმნილი, ეს არის ისტორიული ფუნქცია, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, მნიშვნელოვანია იგი დღეს მაქსიმალურად დაიტვირთოს და ამაზე ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, ჩინეთის ეკონომიკის სტრუქტურა წარმოებაზე აწყობილი სტრუქტურაა და ტვირთების მნიშვნელოვან ნაკადს დასავლეთის მიმართულებით ჩინეთი აგენერირებს", - განაცხადა სონღულაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იანვრის შუა რიცხვებში ჩინეთში საქართველოს მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტის დროს განხილულ მთავარ საკითხებს შორის იყო ტურიზმი, ინვესტიციები, „შუა დერეფნის" განვითარება და დარგობრივი თანამშრომლობა.
15-20 იანვარს „ქართული ოცნების" დეპუტატების დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
მისი თქმით, ჩინეთში ვიზიტისას ასევე განიხილეს ჩინეთთან ორმხრივი უვიზო მიმოსვლის საკითხი და აღნიშნა, რომ „შესაბამისი შედეგები ძალიან მალე გამოჩნდება“.
ანტიჩინური კამპანია საქართველოს განვითარებას ეწინააღმდეგება - პარლამენტის თავმჯდომარე>>>
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ სტრატეგია და მთავარი მიმართულება მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს სტაბილური და სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
„დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის ტაქტიკური გადანაცვლება გუნდში, რომელიც გადაწყვეტილია კიდევ უფრო დიდი შედეგების მისაღწევად“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
ორშაბათს, 29 იანვარს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ გახდა ცნობილი, რომელმაც გადაწყვეტილება „პარტიაში როტაციით“ ახსნა. მთავრობის ახალი მეთაურის კანდიდატურა 1 თებერვალს გახდება ცნობილი.
შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია.