თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეცვლა ქვეყნის მთავრობაში საკადრო გადაადგილებებს გამოიწვევს, განუცხადა Sputnik-საქართველოს პოლიტოლოგმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს ბრიფინგზე პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ქართული მედიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები ასევე ექვს უწყებას შეეხება.
„მინისტრთა კაბინეტი შეიცვლება. ალბათ არის გარკვეული წარმოდგენა იმის თაობაზე, ვინ როგორ მუშაობს და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის შეცვლა მინისტრთა კაბინეტის შეცვლას გამოიწვევს. ვნახოთ, რომელი მინისტრები დარჩებიან და რომელი მინისტრები წავლენ", - განაცხადა კიკნაძემ.
ამასთან, პოლიტოლოგი არ მიიჩნევს, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებები მოხდა. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი როტაციაა.
„არ მიმაჩნია, რომ ეს რადიკალური ცვლილებებია. ჩვეულებრივი როტაციაა პარტიის შიგნით, რადგან ეს არჩევნების წელია. ღარიბაშვილს საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს და სავარაუდოდ, ის პარტიის ნომერი პირველი იქნება, და ეს პარტიას მხოლოდ წაადგება", - აღნიშნა კიკნაძემ.
მედიის მონაცემებით, 24 იანვარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები: მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ხოლო მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ინფორმაციით, შეიცვლებიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და კულტურის მინისტრები. თავდაცვის მინისტრის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძეს შეცვლის.
არაა გამორიცხული, რომ თავისი თანამდებობა დატოვოს სუსის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.