ფერაძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ძალიან ავარიულია

ფერაძე დარწმუნებულია, რომ შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხეს წარმოადგენს როგორც თანამშრომლებისთვის, ისე დაწესებულების პაციენტებისთვის, განაცხადა საქართველოს შრომის ინსპექციის უფროსმა ბექა ფერაძემ.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აპროტესტებენ შენობის დემონტაჟსა და ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებს, რომელთა მიხედვითაც თანამშრომლები სხვა საავადმყოფოებში უნდა დასაქმდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შენობის გარემონტებას იმგვარად, რომ თანამშრომლების ნაწილმა საავადმყოფოში მუშაობა გააგრძელოს. ამასთან, 5 თებერვლამდე მათ ჯანდაცვის სამინისტროს წინადადება უნდა მიიღონ - დათანხმდნენ ფულად ანაზღაურებას ან სხვა კლინიკაში მუშაობას.
„ძირითადი შენობა-ნაგებობა არის ავარიული, მათ შორის, ფასადი არის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს მყისიერი ღონისძიების განხორციელებას, რათა საფრთხე არ შეექმნათ დასაქმებულებს და სხვა პირებს", - განაცხადა ფერაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესი და პასუხისმგებლობა არის თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა.
„სწორედ ამიტომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ და დაიწყო შესაბამისი პროცედურების განხორციელება“, - განაცხადა ფერაძემ.
რაც შეეხება კომპენსაციებს, როგორც ფერაძემ განმარტა, უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოდ მაღალია ის შეთავაზება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა მიიღო.
„ჩვენ, როგორც შრომის ინსპექცია, როგორც მაკონტროლებელი ორგანო და მშრომელთა უფლებების დამცველი, ამ პროცესში ჩართულები ვიქნებით, რათა თითოეული დასაქმებულის ინტერესი დაცული იყოს", - აღნიშნა ფერაძემ.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფოდან კოლეგებს დაასაქმებს>>>
ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად უკვე დაიწყო - მედპერსონალს შესაძლებლობა აქვს რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას სთავაზობენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ სამუშაოდ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.
რესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
სამშაბათს, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ზონები დახურა და ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდა.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.